რეგიონული კონფერენცია

18.04.2018

რეგიონული კონფერენცია

 რეგიონული კონფერენცია "საქართველოსა და სომხეთის ოჯახის გაძლიერების პროექტის პრაქტიკის გაზიარება"

2018 წლის 18 აპრილს, თბილისში საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელმა უმასპინძლა კონფერენციას, რომლის მიზანი იყო საქართველოსა და სომხეთში არსებული ოჯახის გაძლიერების პროექტების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოსა და სომხეთის ოჯახის გაძლიერების პროექტის თანამშრომლებმა, ასევე პროექტის მხარდამჭერებმა - ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის SOS ბავშვთა სოფლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის დირექტორმა, ზვიად ბერძენიშვილმა ისაუბრა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ოჯახის გაძლიერების პროექტის განვითარება თბილისსა და რეგიონებში, ხაზგასმით  აღნიშნა პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა ამ პროექტში და მადლობა გადაუხადა მათ თანამშრომლობისთვის.
თამარ ჭანტურიამ - საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის პროგრამების განვითარების ეროვნულმა დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობისა და პროექტების მიზნების შესახებ,  იმაზე თუ რა საჭიროებები და გამოწვევები დგას ორგანიზაციის წინაშე.  კონფერენციის მსვლელობისას მოხსენებით გამოვიდა ასევე სომხეთის ბავშვთა სოფლის ტავუშის  ოჯახის გაძლიერების პროექტის კოორდინატორი -   ტატულ ტამრაზიანი, რომელმაც ისაუბრა  ტავუშის  ოჯახის გაძლიერების პროექტის შესახებ, თუ რა შედეგებს მიაღწია გუნდმა ამ წლის განმავლობაში, თუ როგორ რთულ ვითარებაში უწევთ მათ პროექტის განხორციელება, როგორი მნიშვნელოვანია პროექტის ფარგლებში გაწეული დახმარება ბენეფიციარებისათვის.
ზუგდიდის ოჯახის გაძლიერების პროექტის კოორდინატორმა, თამარ მესხიამ დამსწრე საზოგადოებას   დეტალურად განუმარტა, თუ როგორ ხორციელდება პროექტი ზუგდიდში, რა მნიშვნელობა აქვს მოწყვლად ოჯახებთან მუშაობის პროცესში მრავალმხრივი მიდგომის გამოყენებას და როგორია პროექტის პირველი წლის შედეგები. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი და მასში  ჩართულია ქ. ზუგდიდში და სოფელ  ინგირში მცხოვრები 0–18 წლამდე ასაკის 400 ბავშვი და მათი მშობელი, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ფაქტორის გამო საჭიროებენ დახმარებას.  პროექტი მოიცავს სხვადასხვა აქტივობას როგორიცაა: ბავშვებისათვის დღის ცენტრის მომსახურება, ფსიქო-სოციალური დახმარება, პროფესიული განათლების მიღება-გაუმჯობესება, დასაქმების ხელშეწყობა და სხვა.  პროექტის შედეგებიდან აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, პროექტის მიზნების გათვალისწინებით ფსიქო-სოციალური დახმარება გაეწია 213 ბავშვსა და მათ მშობლებს (92 ოჯახი); ფსიქოლოგის მომსახურება მიიღო 40-მა ბავშვმა და 45-მა  მშობელმა; ბავშვის პოზიტიური და არაძალადობრივი აღზრდის მეთოდების დასწავლასთან დაკავშირებით ჩატარდა 72 სესია (6 ტრენინგი), რომელსაც დაესწრო 59 მშობელი; დამოუკიდებელი ფინანსური შემოსავლის გამომუშავება შეძლო 20-მა მარტოხელა დედამ, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა შერეული ბოსტნეულის კოოპერატივი, სადაც დასაქმებულია სოციალურად დაუცველი 5 ოჯახი და სხვა.