ჩვენი ბენეფიციარები

29.03.2018

ჩვენი ბენეფიციარები

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარებისთვის პილოტურ პროექტს იწყებს. შესაბამისი თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი აკადემიის სპორტდარბაზში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ, საკალათბურთო აკადემიის დირექტორმა გიორგი ალავიძემ და „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ ეროვნულმა დირექტორმა ზვიად ბერძენიშვილმა. პილოტურ პროექტში 14 წლამდე ასაკის 15 ბავშვი ჩაერთვება.

თანამშრომლობის მიზანია დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებზე მორგებული სპორტული აქტივობების დანერგვა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი  არასრულწლოვნების ჯანსაღ, წარმატებულ და მიზანდასახულ პიროვნებებად აღზრდა.  ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ერთვება არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით არსებული სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერაში;

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. 2014-2017 წლებში მედიაციის სახლის სერვისებით 1286-მა არასრულწლოვანმა ისარგებლა, რომელთაგან 228 ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვია.

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის დირექტორის გიორგი ალავიძის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების სპორტულ, ამ შემთხვევაში, საკალათბურთო დატვირთვას, ქვეყანაში კიდევ ერთ სოციალურ ფენას დაეხმარება. აკადემიის ახალ პარტნიორებთან ერთად ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი სპორტული აქტივობა მოვარგოთ არასრულწლოვნებს. ჩვენთვის ეს ახალი გამოწვევა და პატივია”,- აღნიშნა გიორგი ალავიძემ.

თათია ხოჭოლავას განცხადებით, მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით არსებული სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერა კერძო სექტორის მხრიდან.

„ზაზა ფაჩულიას აკადემიამ, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, პირველმა გამოთქვა მზადყოფნა თავისი საქმიანობის ფარგლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით არსებულ სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანად განხორციელებაში, რაც ძალიან მისასალმებელია. აკადემიის ხელმძღვანელობა ადასტურებს ამ მიმართულებით სპორტულ ღონისძიებებში კერძო სექტორის ჩართულობის მაღალ მნიშვნელობასაც. ამ შეთანხმებით ხელს შევუწყობთ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ჩვენი ბენეფიციარების რესოციალიზაციას”,-განაცხადა თათია ხოჭოლავამ.