რუსუდან წერეთელი: ქალი, რომელსაც ბავშვების სჯეროდა

13.07.2026

არსებობს ისტორიები, რომლებიც არასდროს გავიწყდება. და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ ისტორიებს ყოველდღე ქმნიან - შრომით, მოთმინებით და სხვებზე ზრუნვით.

საქართველოში „SOS ბავშვთა სოფლის“ ისტორია 1989 წლიდან იწყება. სწორედ ამ დროს გაჩნდა იდეა, შექმნილიყო უსაფრთხო და ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული სივრცე მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის. 1996 წელს ამ საქმეს რუსუდან წერეთელი შემოუერთდა და 2014 წლამდე მუშაობდა აღმზრდელად.  

თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში რუსუდანის ყოველდღიურობა ბავშვების ცხოვრებასთან იყო გადაჯაჭვული - სკოლის ამბებთან, ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან, ყოველდღიურ რუტინასთან, სირთულეებთან და პატარ-პატარა გამარჯვებებთან.

ქალბატონი რუსუდანი ყოველთვის იქ იყო, სადაც სჭირდებოდათ: უსმენდა, როცა საუბარი სურდათ; აძლევდა შენიშვნას, როცა ეს აუცილებელი იყო; ამშვიდებდა დარდისა და ამხნევებდა საკუთარ ძალებში ეჭვის შეპარვის დროს. რაც მთავარია, იგი არცერთ ბავშვს არ ტოვებდა მარტოს პრობლემების წინაშე.

ზრუნვა მისთვის მხოლოდ მოფერებას არ ნიშნავდა. ეს იყო პასუხისმგებლობა, წესები, სწავლა, შრომა და უდიდესი რწმენა - რომ ბავშვს, როგორი რთული გზაც არ უნდა ჰქონოდა გავლილი, მაინც შეეძლო საკუთარი მომავლის შექმნა. სწორედ ასეთ ადამიანად ახსოვთ ის მის აღსაზრდელებს.

ერთ-ერთი მათგანია გიორგი, რომელიც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მალე ლიცენზირებული ექიმი გახდება. თუმცა, ექიმობამდე მისასვლელი გზა მარტივი არ ყოფილა. ერთ დროს მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება სჭირდებოდა, თუმცა ამისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდა.

სწორედ მაშინ რუსუდანი, რომელიც უკვე პენსიაზე იყო, ისევ მის გვერდით აღმოჩნდა. თანხით დაეხმარა და უთხრა:

„მჯერა შენი.“ ეს ერთი ფრაზა ყველაზე უკეთ ხსნის, როგორი აღმზრდელი იყო რუსუდან წერეთელი - ის ხედავდა ბავშვების მომავალს მაშინაც კი, როცა ეს მომავალი თავად მათთვის იყო ბუნდოვანი. 

წლების შემდეგაც მისი სახლის კარი აღსაზრდელებისთვის ღია რჩებოდა. ისინი ისევ აკითხავდნენ, უზიარებდნენ წარმატებებსა და სირთულეებს. სწორედ ამიტომ, მისი გარდაცვალება განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ყველასთვის, ვინც მას იცნობდა.

თუმცა, მისი პირადი ისტორია სამუდამოდ დარჩება „SOS ბავშვთა სოფლის“ ნაწილად. ორგანიზაციის მთავარი იდეა ხომ ყველაზე ნათლად სწორედ ასეთ ადამიანებში ჩანს - მათში, ვინც ბავშვებთან ერთად გადის ყოველდღიურ გზას და ვისაც ბავშვის შესაძლებლობების სჯერა.

დღეს გვინდა უდიდესი მადლობა ვუთხრათ მას იმ წლებისთვის, შრომისა და იმ ზრუნვისთვის, რომელმაც არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

მადლობა, ქალბატონო რუსუდან, იმ რწმენისთვის, რომელიც ბავშვებს გაუზიარეთ. თქვენი ამბავი მათ ისტორიებში გაგრძელდება.

Untitled design (2)

 

გააზიარეთ სასურველ მედიაში

მსგავსი პროგრამები

როგორ გავაუქმოთ ყოველთვიური დონაცია

როგორ გავაუქმოთ ყოველთვიური დონაცია

დონაციის გაუქმება ან დამახსოვრებული ბარათის წაშლა ძალიან მარტივია. მომხმარებლის პირად კაბინეტში აირჩიეთ „დონაციის გაუქმება“, მიუთითეთ მიზეზი და დაადასტურეთ არჩევანი. ამის შემდეგ თანხა თქვენგან აღარ ჩამოგეჭრებათ. დონაციის გაუქმებისთანავე, თქვენი ბარათის მონაცემები სისტემიდან ავტომატურად წაიშლება.

08.09.2025