როგორ ვაქციოთ ინტერნეტი უსაფრთხო სივრცედ ჩვენი შვილებისთვის
10.02.2026
10 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ვირტუალური სამყარო ისეთივე ყურადღებასა და დაცვას საჭიროებს, როგორსაც რეალური. დღეს, როდესაც ბავშვების ყოველდღიურობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკრანებთან, მთავარი კითხვა აღარ არის ის, თუ რამდენ ხანს ატარებენ ისინი ინტერნეტში, არამედ ის, თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ იქ თავს.
ნდობა, როგორც მთავარი დამცავი მექანიზმი
ხშირად ბავშვებს აქვთ შიში, რომ ინტერნეტში წაწყდომილი პრობლემის — იქნება ეს კიბერბულინგი, შევიწროება თუ საეჭვო კონტენტი — გაზიარების შემთხვევაში, მშობელი მათ დასჯის. ყველაზე გავრცელებული შიში ტელეფონის ჩამორთმევას ან ინტერნეტის აკრძალვას უკავშირდება.
ეს ბარიერი აიძულებს ბავშვს, მარტო დარჩეს საკუთარ პრობლემებთან. ჩვენი, როგორც უფროსების მიზანია, ვიყოთ არა მკაცრი კონტროლიორები, არამედ სანდო მეგობრები, რომლებსაც ბავშვი ნებისმიერ სიტუაციაში თავად მიაკითხავს.
პრაქტიკული ნაბიჯები უსაფრთხოებისთვის
- ღია და მეგობრული დიალოგი: აუხსენით ბავშვს, რომ ინტერნეტი დიდი ქალაქივითაა, სადაც ბევრი საინტერესო ადგილის პარალელურად არსებობს საფრთხეებიც. ასწავლეთ კრიტიკული აზროვნება: ყველაფერი, რასაც ციფრულ სამყაროში ხედავენ ან კითხულობენ, არ არის სიმართლე.
- პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა: ბავშვმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ სახლის მისამართი, სკოლის დასახელება, ტელეფონის ნომერი და პირადი ფოტოები არის ინფორმაცია, რომელიც უცნობებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუზიაროს.
- პირადი მაგალითის ძალა: ბავშვები სწავლობენ ჩვენზე დაკვირვებით. თუ ჩვენ თავად ვიცავთ ეთიკური კომუნიკაციის წესებს და პატივისცემით ვეპყრობით სხვებს ონლაინ სივრცეში, მათთვისაც ეს ქცევა გახდება სტანდარტი.
ჩვენი ორგანიზაციისთვის თითოეული ბავშვის კეთილდღეობა უმთავრესი პრიორიტეტია. დაცულობის განცდა არ უნდა სრულდებოდეს სახლის კართან — ის უნდა ვრცელდებოდეს ვირტუალურ სივრცეზეც. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ საზოგადოების ინფორმირებულობას და მოვუწოდებთ მშობლებს, შექმნან ნდობაზე დაფუძნებული გარემო.
ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება, თუმცა მშობლის მხარდაჭერა და ღია კომუნიკაცია რჩება ყველაზე მძლავრ იარაღად ბავშვების დასაცავად.
მსგავსი პროგრამები

ნიუსლეთერი N2
გიზიარებთ, რისი გაკეთება შევძელით გასული სამი თვის განმავლობაში.
26.01.2026

მეგობრობის ისტორია - საჭადრაკო კლუბი მერანი
ახალი პარტნიორობა და პირველი ნაბიჯები ჭადრაკში: SOS ბავშვთა სოფლისა და კლუბ „მერანის“ მეგობრობის ისტორია
19.02.2026

VIBEs for youth II
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს მიღებას პროექტში - “VIBEs for youth II"-"ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“
06.10.2026